შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის მესამე რაუნდი დასრულდა.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო და არსებობს საკითხები, რაზეც პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ძირითად თემებზე - რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კვლავ დიდი სხვაობაა.
ვაშაძის თქმით, საკითხზე მოლაპარაკებები სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება:
"ნამდვილად საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა, ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის საკითხები, რაზეც ხდება პოზიციების დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის.
დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. არის საკითხები, რაზეც ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო, არის საკითხები, რაზეც გაგრძელდება მსჯელობა, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით - ეს არის რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას",-თქვა ვაშაძემ.
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეხვედრაზე ის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.
4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე.
ქართული ოცნების დეტალური პოზიცია ოპოზიციის შეთავაზების თაობაზე საჯაროდ ცნობილი არაა. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.
თუმცა, დღეს შეხვედრის დაწყებამდე პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისის შანსი არსებობს.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.