სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი "ჩარტერების სკანდალი გახრწნილების პიკია".
ასე აფასებს ის TV პირველის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
"გუშინ ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ, თუ რა დონეზე გახრწნილია სისტემა - გახრწნილების პიკი, ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერმინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, არ სცალია გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟში არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როცა ისინი შოვის ტრაგედიის დროს მძიმე ვითარებაში იყვნენ.
გახრწნილების პიკი, მართლა - მეგობრებო, ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ. ღარიბაშვილი დღეს არის სახე იმ სისტემის, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა: ჭამეთ, ძარცვეთ ხალხი, მთავარია იყავით ჩემი ერთგულები და მთავარია, რუსული საქმე შეასრულოთ. აი, ეს არის შინაარსი იმის, რაც ვნახეთ", - ამბობს ვაშაძე.
7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.
გუშინ TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.