logo
ENG



ვაშაძე: დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი - შეთანხმება ან ისევ კინკლაობა

18 აპრ 202118:48
3 წუთის საკითხავი
clock 349
ვაშაძე: დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი - შეთანხმება ან ისევ კინკლაობა

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღევანდელი შეხვედრა არის გადამწყვეტი, რის შემდეგაც გაირკვევა - შეთანხმება იქნება თუ ისევ კინკლაობა.

"დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი დღე მოლაპარაკებების პროცესში - ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა. მე რა თქმა უნდა ჩემ გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად, ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით, ასე ვერ გამოვა", - თქვა ვაშაძემ.

მისივე თქმით, დღეს იქნება წარმოდგენილი საბოლოო დოკუმენტი, რომელზეც მხარეებს გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

"მე ველი, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და მე ველი, რომ რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზა იქნება - როგორ, რანაირად, რა ტექნიკით, რა ტექნოლოგიებით, სწორედ შეხვედრის დროს ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდებით, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ ამ შეხვედრაზე რომ მივალთ, იქ ფართო მანევრის შესაძლებლობა აღარ იქნება, იქნება საბოლოო, გარკვეული დოკუმენტი წარმოდგენილი მედიატორების მხრიდან, რომელზეც მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება", - განაცხადა ვაშაძემ.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა 19:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება. მას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებიც დაესწრებიან.

განხილვის საგანი კრისტიან დანიელსონის მიერ ბოლო ვიზიტის დროს წარმოდგენილი დოკუმენტი იქნება, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ხელი 16 აპრილს მოაწერა

ოპოზიცია დოკუმენტის არსებულ ვერსიას მხარს არ უჭერს, ვინაიდან მასში არ არის მკაფიო ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების შესახებ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.


close დახურვა