ძალა ერთობაშია ლიდერი გიორგი ვაშაძე შეთანხმების მიღწევის გარეშე პარლამენტში შესვლას გამორიცხავს.
მისივე შეფასებით, იმისათვის, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ, აუცილებელია ხელისუფლებამ ოპოზიციის მიერ გაცხადებული მოთხოვნები შეასრულოს.
"ხაზგასმით ვიტყვი, რომ პარლამენტში ხელაღებით შესვლა შეთანხმების გარეშე, მე ამნაირ საკითხს არც კი განვიხილავ. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი, გარდა იმისა, რაც ჩვენ დავაყენეთ ოპოზიციურმა პარტიებმა...
კიდევ ერთხელ: ხისტი პოზიცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე არც ერთი ადეკვატური წინადადება არ მომისმენია, რომ მე და ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს გადააფიქრებინოს პარლამენტში შესვლა/არ შესვლის საკითხი. უბრალოდ ის რომ მოგვიწოდეს, რომ შედით პარლამენტში არ კმარა", - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი დასძლიონ, მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს შეცვლა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს. პირდაპირ ვამბობ, რომ მე თამარ ჟვანიას და ამ ტიპის საარჩევნო წესებით ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ, დრო მოჭამა ამან. ეს წესები უნდა შეიცვალოს", - ამბობს ვაშაძე.
რაც შეეხება მოლოდინებს, პოლიტიკოსი ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობა საკითხში აუცილებელია და მიიჩნევს, რომ შესაძლოა შეთანხმება მხარეებს შორის შედგეს.
"მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, როცა ამ დონეზე არის ჩართულობა ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან, პირდაპირ ვიტყვი ბრიუსელის და ვაშინგტონის. ვფიქრობ, რომ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ და ეს შეთანხმება უნდა იყოს კარგი ქვეყნისთვის", - განაცხადა ვაშაძემ.
დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან.
ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა.
ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.