logo
ENG



ვაშაძე: პარტნიორებმა ყურადღება არ უნდა მოადუნონ, ოცნება უნდა ვაიძულოთ, შეთანხმება შეასრულოს

23 აპრ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 
emcu0146c78ncfn.png

თუ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან, ძალისხმევა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ფუჭად ჩაივლის, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების წერილშია აღნიშნულია, რომელიც მათ საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მძიმე ვითარებას იყენებს და პირობას არ ასრულებს.

„პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე შეთანხმება რა თქმა უნდა ვერ იქნება ჩათვლილი შემდგარად და საარჩევნო ცვლილებებსაც შესაბამისად ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. ხელისუფლება ცდილობს, რომ შექმნილი ვითარება პანდემიის გამო, საერთაშორისო და ქვეყანაში შექმნილი ვითარება გამოიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მათ ამის შესაძლებლობას არ მისცემენ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვების საერთაშორისო პარტნიორებმა შეშფოთება გამოთქვეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან ზეწოლა შენარჩუნდეს.

„ევროკავშირმაც და შეერთებულმა შტატებმაც გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეწოლა შენარჩუნდეს და ყურადღება არ შესუსტდეს საქართველოს მიმართ, იმისათვის, რომ ეს შეთანხმება განხორციელდეს, გიორგი რურუაც, ირაკლი ოქრუაშვილიც და გიგი უგულავაც გათავისუფლდნენ, საარჩევნო სისტემის ცვლილება მივიღოთ და შევიდეთ საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, საკითხზე ყურადღება არ შესუსტდეს და „ქართული ოცნება“ იძულებული გახდეს, შეთანხმების ყველა პირობა შეასრულოს.

„ყურადღება არ უნდა მოადუნოს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილების, შესრულებული იქნას. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ითაღლითოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს არ გაუვათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოპოზიციური პარტიები ქვეყნის პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავენ. მიმართვა პარტია "ევროპული საქართველოს" Twitter-ზე გამოქვეყნდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ პუნქტს პოლიტპატიმრების გათავისუფლება წარმოადგენდა, თუმცა ხელისუფლება, მიუხედავად ოპოზიციის კომპრომისისა, პირობებს არ ასრულებს.


close დახურვა