მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი აცხადებს, რომ სამტრედიაში მათი მაჟორიტარობის კანდიდატს გუშინ, 18 სექტემბერს, 8 საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი და ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
გიორგი ვაშაძის თქმით, ნიკა საკანდელიძეს კანდიდატურის მოხსნას ქართული ოცნების დავალებით აიძულებდნენ.
მისივე განცხადებით, "კრიმინალურ სქემაში ქართული ოცნების წარმომადგენლების გარდა, კრიმინალური ავტორიტეტები და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი".
"ნიკა საკანდელიძე არის სამი შვილის მამა. მას ემუქრებოდნენ საკუთარი შვილებით, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილები აქ თამაშობდნენ საფეხბურთო მოედანზე. საბოლოოდ მათ, რამდენიმესაათიანი ზეწოლის შემდეგ, განცხადების დაწერა აიძულეს. ეს განცხადება დაიწერა ქართული ოცნების სამტრედიის შტაბში, შემდგომ გადაეცა, როგორც მას უთხრეს. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს" - ამბობს ვაშაძე.
მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ ნიკა საკანდელიძემ კანდიდატურა მოხსნა, ტელეკომპანია იმედის მეშვეობით შეიტყო. მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
"საღამოს ექვს საათზე ვიპოვეთ ეს ადამიანი და მან სრულად აღწერა ის, რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც სჩადის ქართული ოცნება. კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია ადმინისტრაციაში. რა თქმა უნდა, უნდა დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ განცხადების გაუქმებას. ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დაკავებას, რომელიც ჩართული იყო ამ უმძიმეს დანაშაულში, ასევე მოვითხოვთ დაკავებას ქართული ოცნების იმ შტაბის წევრების რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემაში და საოლქო საარჩევნო კომისიიდან ვითხოვთ იმ ადამიანების გათავისუფლებას, ვინც შეხმატკბილებულად მოქმედებდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მივმართავთ სახალხო დამცველს და ყველა ინსტიტუციას იმისათვის, რომ დაცული იყოს ნიკას უფლებები. ეს არ არის ერთადერთი პრეცნენდენტი, მაგრამ ამ ადამიანმა გამოიჩინა ვაჟკაცობა, უკან არ დაიხია და ყველაფერზე ისაუბრა ღიად". - ამბობს გიორგი ვაშაძე.