logo
ENG



ვაშაძე: საღამომდე ან ხვალ გამთენიამდე ​ვიტყვით, მივდივართ შეთანხმებისკენ თუ არა

14 მარ 202113:51
3 წუთის საკითხავი
 

"დღეს საღამომდე, ხვალ გამთენიამდე პირდაპირ ვიტყვით, შეთანხმებისკენ მივდივართ თუ არ მივდივართ", - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის პოზიციები ჯერჯერობით უცვლელია.

"ჩვენი პოზიციები ყველამ კარგად იცით, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, თუმცა ამ მოლაპარაკებების მთავარი შინაარსი არის, რომ ევროპულმა და ამერიკულმა მხარემ, შეიძლება, საკუთარი მოსაზრება დადოს მაგიდაზე. რა იქნება ეს მოსაზრება? რა იქნება მათთვის გონივრული, ობიექტური შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი? ჯერ ნამდვილად არ ვიცი. ფორმატში დასავლელი პარტნიორების ფასილიტაციიდან მედიაციისკენ გადასვლა ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვარ მათ საკუთარი მოსაზრება ექნებათ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ რა იქნება და როგორ", - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე კრისტიან დენიელსონი კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან ერთად უკვე შეხვდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას და ხელისუფლებას გაერთიანებულ სხდომაზე შეხვდებიან. 

***

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.

დანიელსონი თბილისში 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. იმავე დღეს შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.  

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.

 

close დახურვა