logo
ENG



ვაშაძე: სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირისგან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდეს

19 ივლ 202112:03
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას 19 აპრილის შეთანხმებასთან ერთად, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრეს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციამ ევროკავშირისგან მიიღო გარანტია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესასრულებლად სრული მხარდაჭერა ექნებათ.

"სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია, ან ცდილობს, რომ გადაუხვიოს. მას არ უნდა დემოკრატიული რეფორმები გაატაროს ქვეყანაში, მას უნდა, რომ ხელისუფლება ჰქონდეს მიტაცებული. მას არ უნდა ძლიერი ინსტიტუციები, არ უნდა თავისუფალი არჩევნები და უნდა, რომ იძალადოს ისევ საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე და ნებისმიერ სხვაზე. ამაზე გვქონდა საუბარი.

ვერ დავუახლოვდებით ჩვენ ევროკავშირს თუ საქართველოში პროცესი გაგრძელდება ისე, როგორც დღეს ვითარდება. ფაქტობრივად საჯარო გამოსვლებში ქართული ოცნების ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან.

შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება არ უნდა ქართულ ოცნებას, მაგრამ დღეს მივიღეთ გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებებით, რომელიც ამ დოკუმენტშია გაწერილი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შარლ მიშელი 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

ეს შარლ მიშელის მესამე ვიზიტია საქართველოში.

 

close დახურვა