სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დეკლარაციის მიხედვით, წარმოუდგენელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჩარტერი პირადი სახსრებით დაექირავებინა.
მისი განცხადებით, ყველა ეს გარემოება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახეზეა ტოტალური და სისტემური კორუფცია:
"გუშინ, ფაქტობრივად, ქართული ოცნების ყველა განცხადება აღიარებითი ჩვენება იყო, რომ საქმე გვაქვს ტოტალურ, სისტემურ კორუფციასთან ჩარტერების საქმესთან დაკავშირებით. იაფფასიანი ტყუილების კასკადი, რომელიც მოვისმინეთ მთავრობის წარმომადგენლებისგან. ახლა საბიუჯეტო სახსრებით იყო თუ კერძო სახსრებით იყო ჩარტერი გაკეთებული, ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომელიც ამტკიცებს, რომ ოცნება და პირადად ღარიბაშვილი არის დიდ კორუფციაში ჩაფლული. მე ხელში მაქვს ღარიბაშვილის დეკლარაცია, სულ რომ შევაჯამოთ ყველა შემოსავალი და დანაზოგი, რომელიც მას აქვს და გამოვაკლოთ რა ხარჯებიც გასწია, მაინც ვერ აფინანსებს იმ ჩარტერის ღირებულებას. მინდა საზოგადოებას იცოდეს, რა ღირს რომ მხოლოდ მიუნხენში ჩარტერით ჩაფრინდეს და ჩამოფრინდეს, ფასი არის 390 ათასი ლარი.
ანუ ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ 390 ათასი ლარი მხოლოდ მიუნხენამდე ჩასვლა-ჩამოსვლაში გადაიხადა მისსავე ჯიბიდან, რომელიც მისსავე დეკლარაციაში არსად არ ფიქსირდება ეს თანხა. ამიტომ ეს არის იაფფასიანი ტყუილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს და მთელ ქოც-ბანდიტებს, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას - გამოაქვეყნეთ მტკიცებულებები საიდან მოვიდა ეს ფული? საიდან გადარიცხეთ ეს ფული? ყველაფერი მიუთითებს, რომ თქვენ ივანიშვილმა მოგცათ უფლება ამ ქვეყნის ძარცვის, სამაგიეროდ, მისი ერთგულების და რუსული ინტერესების გატარების.
ბორელის დღევანდელი განცხადებაც ამაზე მიუთითებს. დიაგნოზი დასმულია. თქვენ ხართ პრორუსები, ამ იაფფასიანი ტყუილებით ამ ამბავს ვერ გადააგორებთ. საიდან მოიტანე ირაკლი ღარიბაშვილო 390 ათასი ამ მხოლოდ ერთი ფრენისთვის? იმის იქით რომ პირველი კლასებით იფრინე და ერთი იმდენი კიდე დახარჯული გაქვს ეგ მეორე საკითხია. საიდან მოიტანეთ 390 ათასი. კითხვა არის ძალიან მარტივი, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და თუ არ სცემთ პასუხს, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ კორუმპირებული თაღლითები, რომლებიც ძარცვავთ ქვეყანას", - განაცხადა ვაშაძემ.
7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.
9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.
დღეს, 12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.