სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სანქციების გამოცხადების დღეს ოთარ ფარცხალაძე საქართველოში იმყოფებოდა. ვაშაძის თქმით, ახლა ქართულ ოცნებას სურს, "ფარცხალაძე ქვეყნიდან გააპაროს".
"მხოლოდ განცხადება, რომ მოკვლევა დაიწყო, არაფერს არ ნიშნავს. ეს განცხადება ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს საქართველოში, სურს, გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. მე კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს: სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე? ჩვენი ინფორმაციით, ის, ამ სანქციების გამოქვეყნების დღეს, იმყოფებოდა საქართველოში.
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისთვის, როგორც მინიმუმ, საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების ჩამორთმევა და ამაზე უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება. ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან იმყოფებოდა შემხებლობაში, უფლებამოსილება დროებით მაინც უნდა შეუჩერდეთ", - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძემ ისაუბრა ფარცხალაძის გარემოცვაზეც და აღნიშნა, რომ მისი მოადგილეები და თანამშრომლები, დღეს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციას იკავებენ.
"უტყუარია, რომ სწორედ რუსეთის მითითებით მოხდა მისი დანიშვნა გენერალურ პროკურატურაში. კიდევ უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ დღემდე, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვა, მისი მოადგილეები, მისი თანამშრომლები იკავებენ როგორც გენერალური პროკურორის პოზიციას, შოთაძის სახით ვამბობ, ასევე, მისი მოადგილეები, შეგიძლიათ, გაიაროთ და ნახოთ, ყველანი არიან, ფაქტობრივად, ფარცხალაძესთან შემხებლობაში მყოფი ადამიანები", - თქვა მან.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.