logo
ENG



ვაშაძე მათი გამარჯვების შემთხვევაში აშშ-სთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საუბრობს

26 ოქტ 202315:58
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე მათი გამარჯვების შემთხვევაში აშშ-სთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის კოალიციამ აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა.

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მათი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება, ასევე, გამარტივდება სავიზო რეჟიმი და შემდგომ უვიზო მიმოსვლის საკითხზეც კი შეიძლება დაიწყოს საუბარი. 

"სამი დიდი საკითხი, რომლებიც იწვევს შეშფოთებას ჩვენს პარტნიორებში:

პირველი ეს არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩუმად გააფორმა ქართულმა ოცნებამ.

მეორე ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ძალიან თვალსაჩინოა ჩვენი პარტნიორებისთვის.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, რომელიც აღქმული არის, როგორც რუსეთის ინტერესების შესრულება რუსეთის დავალებით.

ჩვენ ვეუბნებით, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არ გადაუხვევს დასავლური ინტეგრაციიდან, მომავალი წლის არჩევნები, დიახ, ისინი, ამას გეოპოლიტიკურ არჩევნებს უწოდებენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

გამარჯვების შემდეგ აუცილებლად გვექნება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა, შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი და ბევრი ინვესტიცია აშშ-ს მხრიდან, სავიზო რეჟიმის გამარტივება და შემდგომ უვიზო მიმოსვლაზეც კი შესაძლოა დავიწყოთ საუბარი. ჯერ გამარტივება ვიზების, განსაკუთრებით ახალგაზრდების სასწავლო მიზნებისთვის და რაც მთავარია ღრმა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ნიშნავს ძლიერ საქართველოს ევროკავშირთან, აშშ-თან და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად.

არცერთ შემთხვევაში, საქართველოში რუსული ინტერესები ვერ გაიმარჯვებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - სამხრეთ კავკასიიდან, სომხეთის ინტერესების გათვალისწინებით, რუსეთი ფაქტობრივად გადის, ახლა კი ჩვენი ამოცანაა, რომ ივანიშვილი, მთავარი საყრდენი პუტინისა, მოვაშოროთ საქართველოდან, რაც ნიშნავს სამხრეთ კავკასიიდან მათ განდევნას.
შემდგომ კი ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, რომ საბოლოოდ კავკასიის იქით მხარეს დავკეტოთ რუსეთი. დამერწმუნეთ, ძალიან ახლოსაა დიდი გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ", - თქვა ვაშაძემ.


close დახურვა