სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართულ ოცნებას სთავაზობს, ოპოზიციასთან ერთად ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტით ჩავიდნენ.
ვაშაძის თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ მიუხედავად შიდაპოლიტიკური განსხვავებებისა, ყველა პოლიტიკური პარტია, მთელი საქართველო ერთიანია ამ საკითხში.
"დღეს ისტორიული დღეა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნით ოფიციალური განაცხადი შედის ევროკავშირში. ამ ისტორიული მომენტის თანაზიარია საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკური პარტია, მიუხედავად შეხედულებისა და პოზიციისა. საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობა და ერთიანობა ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებისთვის.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გამოვდივარ ინიციატივით და მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ უახლოეს პერიოდში მომზადდეს და განხორციელდეს ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი სტრასბურგში, ბრიუსელში, ევროკავშირის ყველა ოფიციალურ სტრუქტურაში, რათა რეალურად დავაჩქაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დაწყება. ამავე დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ მიუხედავად შიდაპოლიტიკური განსხვავებებისა, ყველა პოლიტიკური პარტია, მთელი საქართველო ერთიანია ამ საკითხში. აუცილებელია ეროვნული თანხმობის ჩვენება ისეთ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი", - ამბობს ვაშაძე.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს საქართველო დღეს, 3 მარტს წარადგენს.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდნენ, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გააკეთონ.