logo
ENG



ვაშაძემ ოცნებას კანონის გასაწვევად და დაკავებულების გასათავისუფლებლად ერთი საათი მისცა

08 მარ 202320:48
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძემ ოცნებას კანონის გასაწვევად და დაკავებულების გასათავისუფლებლად ერთი საათი მისცა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ქართულ ოცნებას ერთი საათი მისცა იმისთვის, რომ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელონ და გუშინ დაკავებულები გაათავისუფლონ. მისი თქმით, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, სამოქმედო გეგმას შემდგომ წარადგენენ.

"ზუსტად ერთი საათი ველოდებით რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, რომ გაიხმეს კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა ნაბიჯი იქნება ეს, ერთ საათში. სანამ ველოდებით, ველოდებით", - განაცხადა ვაშაძემ.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.


close დახურვა