logo
ENG



ველოდებით მესამე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - ოპოზიცია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება

18 მაი 202010:19
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დღეს კიდევ ერთხელ იკრიბება. შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

გიორგი რურუას პატიმრობის საკითხის გარდა, ხელისუფლების ოპონენტები იმ მაჟორიტალურ სიებზეც იმსჯელებენ, რომლითაც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება. ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 

„ოპოზიციურ პარტიათა საკონსულტაციო ფორმატი დღეს გახდა პოლიტიკური ცენტრი და პოლიტიკური პოლუსი. არც ერთი გადაწყვეტილება და პროცესი, რაც შეიძლება ქართულ პოლიტიკაში განვითარდეს, არ დარჩება ამ ფორმატში განხილვის გარეშე. შესაბამისად, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა დაიგეგმოს ამ მაგიდასთან. მიმდინარე ეტაპის უმთავრეს ამოცანებს განვიხილავთ სასიამოვნო ფონზე, რადგან ორი პოლიტპატიმარი უკვე დაგვიბრუნდა და ველოდებით მესამე პოლიტიკური პატიმრის, ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლებას“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციას ერთიანი მყარი პოზიცია გააჩნია და სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს უგულავა და ოქრუაშვილი თავისუფლები არიან.

„ჩვენ ვიმსჯელებთ იმ თანამშრომლობის კომპონენტებზე, რაც ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰქონდეს. შინაარსი, რომ ძალა ერთობაშია დადასტურდა და ამან მოგვიტანა ეს შედეგები ჩვენ. გაგახსენებთ ნოემბერში რამდენად სუსტი იყო ჩვენი პოზიციები, ახლა კი ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს. ამიტომ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე, მაჟორიტარული კუთხით თანამშრომლობას როგორ ვაპირებთ, ვის როგორ წარმოუდგენია და იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრის შესახებ ასევე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუა მანამდე გათავისუფლდება, სანამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ინიცირებული.  

„ოპოზიციური პარტიების ერთობამ და შეთანხმების შესრულების მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებულები არიან - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. რაც შეეხება გიორგი რურუას, ის რჩება საპატიმროში და ველოდებით, რომ მანამ, სანამ ინიცირებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, მანამდე მოხდება მისი გათავისუფლებაც. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ მხარი დავუჭიროთ ამ ვარიანტს რაზეც შევთანხმდით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს რამდენიმე მიზნით, მათ შორის იმ მიზნით, რომ გქვონდეს ერთიანი სტრატეგია და საერთო პოზიციები და გარდა ამისა, ვმუშაობთ იმაზე, რომ საარჩევნოდ მოხდეს პოზიციების დაახლოება, კოორდინირება, შეთანხმება იმ 30 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღევანდელ შეხვედრას გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც დაესწრებიან. 


close დახურვა