logo
ENG



ვეტერანი მფრინავები ნათია თურნავას ტყუილში ადანაშაულებენ

14 ოქტ 201920:27
3 წუთის საკითხავი
 
11ed9ih0j1b9y4d.jpg

ვეტერანი მფრინავები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად სასამართლოს მიმართავენ. საქმე ეხება 2004 წელს ნათია თურნავას დაპირებას, რომ ავიატორებს თბილისის აეროპორტის პრივატიზაციაში ჩართავდა. 

დაპირებიდან ერთ წელში, 2005 წელს ობიექტი თურქულ კომპანიას გადაეცა. ისე, რომ ავიატორებს არაფერი უთხრეს, არც კუთვნილი კომპენსაციები დაურიგეს. იმის მიუხედავად, რომ „თბილისის აეროპორტის" მთავარი აქციონერები იყვნენ. ვეტერანი მფრინავები ფიქრობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ,კონკრეტულად კი ნათია თურნავამ ისინი მოატყუა.

ავიატორები უკვე წლებია კუთვნილ კომპენსაციას ითხოვენ. მათ საერთაშორისო აეროპორტთან საპროტესტო აქციაც გამართეს, თუმცა თურნავას უწყება კვლავ ჯიუტად უარყოფს, რომ აეროპორტის პრივატიზების პროცესში მოქმედი მინისტრი მონაწილეობდა. მეტიც, ორი დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ნათია თურნავა 2005 წელს ეკონომიკის სამინისტროში საერთოდ არ მუშაობდა.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრალდებაზე სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია. წერილობით განცხადებაში კი წერია, რომ წარმოდგენილი წერილი თურნავას ეკუთვნის, თუმცა ის 2004 წლის შემდეგ უწყებიდან წავიდა. რაც შეეხება მფრინავთა ასოციაციის გეგმებს, ავიატორები სიმართლის დასადგენად სასამართლოს მიმართავენ. სარჩელზე იურისტები უკვე მუშაობენ. თუ ქართულ სასამართლოში შედეგს ვერ მიაღწევენ, საქმე ევროპის ადმიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაგრძელდება.


close დახურვა