logo
ENG



ვეტინგის მომხრე მოსამართლის თქმით, მის პოზიციას ქმრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა

02 აპრ 202415:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/02/3efcx31abffjh46.jpg

მოსამართლე მადონა მაისურაძე აცხადებს, რომ ვეტინგზე მის პოზიციას ქმრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. ეს მოსამართლემ ფეისბუქზე დაწერა.

მადონა მაისურაძე ერთ-ერთია, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას [ვეტინგს] არ ეწინააღმდეგება.

"მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანია საღ აზრზე დარჩენა მიუხედავად პროფესიული თუ სხვა პირადი შეხედულებებისა.

ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი ფაქტობრივად იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და წამოსულიყო იმ სამსახურიდან, სადაც ბოლო წლები მუშაობდა. ასე ესმით კეთილსინდისიერება საქართველოში"- წერს მადონა მაისურაძე.

მაისურაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა სასამართლოს გუშაგის ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, ჩნდება კითხვა - აშანტაჟებენ მოსამართლეებს ოჯახის წევრებით?

"მოსამართლე მადონა მაისურაძემ დღეს დაწერა, რომ მისი პოზიციის გამო ქმარს (რომელიც საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მუშაობდა) სამსახურის დატოვება მოუწია. მადონა მაისურაძე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას არ ეწინააღმდეგება, რადგან მას ნათქვამი აქვს, რომ: "მზად ვარ ჩემი კეთილსინდისიერება გადაამოწმონ". დღესაც იგივეს იმეორებს.

ამის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ გიორგი ებანოიძე, რომელმაც მოსამართლეთა კონფერენციაზე "დააზუსტა" მისი პირვანდელი განცხადება. მთავარი ისაა, რომ თავდაპირველად ის არ გამოხატავდა წინააღმდეგობას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თაობაზე, მოგვიანებით მის მიერ გაკეთებული განმარტებები სხვა არაფერია, თუ არა პოზიციის შეცვლა. რამ ან ვინ აიძულა, რომ პოზიცია შეეცვალა? აქვე დავამატებ, რომ ჩემი ინფორმაციით, გიორგი ებანოიძის ცოლიც სასამართლოში მუშაობს.

ჩნდება კითხვა, ეჭვიც და ვარაუდიც: მოსამართლეებს ოჯახის წევრებით აშანტაჟებენ? - წერს ჯანეზაშვილი.

***

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.

ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.

ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.

11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.


close დახურვა