მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღეს ვივამედთან შეიკრიბნენ - აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ექსპრეზიდენტთან პოლონელი ექიმები დაუშვან, ასევე, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოწოდება შეასრულოს და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
აქციის მიმდინარეობის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა დღე თავისი პალატიდან უკრაინის და საქართველოს დროშები გადმოფინა.
გუშინ ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. ვიდეოკადრებში ჩანდა მისი ფიზიკური მდგომარეობა - გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.
კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო მედიებმა. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.
სასამართლო სხდომის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა - მან საქართველოს ელჩს შესთავაზა, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.