logo
ENG



ვინ დაესხა თავს ჟურნალისტებს 5 ივლისს - ფორმულამ რამდენიმე მათგანი ამოიცნო

06 ივლ 202114:52
3 წუთის საკითხავი
 

რიონის ხეობის მცველებთან ერთად მყოფი პირები, სპორტსმენები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, ირაკლი ღარიბაშვილთან აფელირებული პირები, პედაგოგები რეგიონებიდან, საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსნები - ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, ვინც კადრებში კარგად ჩანს და ვისი იდენტიფიცირებაც მარტივია.

ისინი მონაწილეობდნენ ძალადობაში და პირდაპირი პოლიციის თვალწინ არღვევდნენ კანონს, სცემდნენ ჟურნალისტებს. 

ერთ-ერთი მათგანი, ვინც ფორმულას ჟურნალისტებს, რატი წვერავას და ნიკა საჯაიას თავს დაესხა, ლევან ხმელიძეა - რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი. 

მოძალადეებს შორის ფორმულამ ამოიცნო დავით კუტალაძე. ის განსაკუთრებით აქტიურობდა მაშინ, როცა მოძალადე ჯგუფები სირცხვილიას ოფისთან დასარბევად მივიდნენ. 

მასთან ერთად იყვნენ ბექა ბეროშვილი და გიგა ჩაკვეტაძე. 

სალომე კიკალიშვილი არის ქალი, რომელიც ჟურნალისტების სასტიკად დარბევის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ცეკვავდა. ის საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. 

ჟურნალისტებზე ძალადობა გუშინ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულად მიმდინარეობდა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

 პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ. 

რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები. 

თუმცა, ადგილზე ძალიან ცოტა პოლიციელი იყო. ხელისუფლებამ მედიაზე თავდასხმები არ აღკვეთა. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებზე ძალადობა მაინც გაგრძელდა. 


close დახურვა