დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის დღევანდელ განცხადებას აზუსტებს და ამბობს, რომ მწვანე სტატუსს და კოვიდბარათს ის კოვიდგადატანილი ადამიანები მიიღებენ, რომელთა ტესტის პასუხიც 2021 წლის 1-ლ დეკემბრამდე, რიგი მიზეზების გამო, ბაზაში არ ასახულა.
"ეს ადამიანები კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლობენ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;
ბ) COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში;
გ) იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ელექტრონულ ბაზაში.
ზემოთჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას". - აცხადებს NCDC.
მანამდე, დღეს, 25 იანვარს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პასპორტს მისცემენ სიმპტომებიან ადამიანს, რომელსაც ტესტი არ გაუკეთებია და ექიმი მეთვალყურეობდა. მისმა ამ განცხადებამ გაურკვევლობა გამოიწვია.
2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდა. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შედიან.
მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.
რომელ ობიექტებზე გჭირდებათ მწვანე პასპორტი - ნახეთ სია.