logo
ENG



ვინ რას მოჰყვა პომპეოსა და გახარიას საუბრის შესახებ

28 ივლ 202011:59
3 წუთის საკითხავი
clock 642
alb2798mrdfdme6.jpg

 

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი მრავალ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და დეოკუპაციის პოლიტიკას. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ ხსენებული საუბრის შესახებ საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში აქცენტები მნიშვნელოვნად აცდენილია.  

საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის თქმით, პომპეომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმა და მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეაქო, ხოლო პრემიერმა გახარიამ მას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა აღუთქვა. 

ზალკალიანისა და გახარიას განცხადებებში არსადაა საუბარი პომპეოს იმ გაფრთხილებაზე, რომელიც ოქტომბრის არჩევნებისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებას ეხება, რასაც თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ.  

„სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც არსებითია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესში და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე", - წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

ზალკალიანი კი წერს, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესახებ მთავრობის ძალისხმევას თავად გახარიამ გაუსვა ხაზი. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე არსად არის საუბარი საქართველოს წარმატების შესახებ Covid-19-თან ბრძოლის პროცესში, რასაც განცხადებებში  ხაზი გაუსვეს ზალკალიანმაც და გახარიამაც. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ გახარიასთან სატელეფონო საუბრისას „საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის მნიშვნელობა და Covid-19-თან გამკლავების საქმეში ორ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობის საკითხი" განიხილა. 

პომპეოს ხაზგასმა არჩევნების პროცესში თანასწორი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ, ისევე როგორც, მიღებული საარჩევნო რეფორმის მკაცრი და განუხრელი იმპლემენტაციის აუცილებლობის აღნიშვნა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებში ვერ მოხვდა. 

განცხადებებში აქცენტების თანხვედრა მხოლოდ ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის ნაწილში გვხვდება. ზალკალიანი, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პომპეომ „კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ". 


close დახურვა