logo
ENG



ვირუსის 9 ახალი შემთხვევა ერთ დღეში - ქვეყანა პრეკრიზისულ ფაზაშია

24 მარ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. მხოლოდ 1 დღის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოთხი პაციენტი მარნეულის მკვიდრი ქალის ოჯახის წევრია. სპეციალისტები და სამთავრობო უწყებები პანდემიის კრიზისულ ეტაპს ერთ კვირაში ელოდებიან და დაინფიცირებულთა ზრდას ვარაუდობენ.

მკაცრი კარანტინის ზონიდან გადმოყვანილი 5-ვე პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული. კრიტიკულად მძიმეა 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ კლინიკაში არიან მარნეულელი პაციენტის  ოჯახის წევრებიც. მისი 100-მდე კონტაქტიდან ამ დროისთვის 40 უკვე შესწავლილია, აქედან 4-ის ტესტი დადებითია. კონტაქტების კვლევას სპეციალისტები აგრძელებენ. ჯამში მარნეულის კლასტერის გარშემო 1700-მდე კონტაქტი იკრიბება.

ვინ იყო კოვიდ 19-ის ინფექციის პირველ-წყარო მარნეულში - ოფიციალურმა უწყებებმა ამ დრომდე არ იციან, ძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროა ჩართული. ახალ დაინფიცირებულთა შორის არიან მოზარდებიც. შევა თუ არა ქვეყანა პანდემიის კრიზისში და რამდენად მძიმე იქნება ის, ახლა იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ დაემორჩილება მოსახლეობა დაწესებულ აკრძალვებს.

გარდა ამისა, ამერიკაში მოგზაურობის შემდეგ კოვიდ 19-ის დაიგნოზი დაუსვეს რამდენიმე მოზარდს და მათ მშობლებს. ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები შეერთებულ შტატებში საგანმანათლებლო პროგრამით იყვნენ, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციაში ჰყოფნის პერიოდში სიმპტომები გამოუვლინდათ, ტესტირებამ კი კოვიდ 19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.

ინფიცირებულებს შორის იყო ავსტრიის 2 მოქალაქე. მათგან ერთი მფრინავი, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით სასტუმროდან გადაიყვანეს. მათ წასაყვანად ვენიდან გუშინ თბილისში სპეციალური რეისი ჩამოფრინდა.

ორი მუნიციპალიტეტის - მარნეულისა და ბოლნისის მკაცრ საკარანტინო ზონებად გამოცხადების შემდეგ , სპეციალურ რეჟიმში 160 ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს. გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემით 4-ათასზე მეტი ადამიანი კარანტინში,252 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეშ იმყოფება.


close დახურვა