კორონავირუსის გამო, ყველაზე დიდი ეკონომიკური დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო. ვირუსის გავრცელების შემდეგ, ჯავშნების 90%-ზე მეტი გაუქმდა, რითაც სასტუმროები და ტურისტული კომპანიები დიდ ზარალს იღებენ.
ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პანდემიის გამო, მომხმარებლები მაქსიმალურად ცდილობენ მოგზაურობას მოერიდონ და მათი სერვისით მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სარგებლობენ. მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ჯავშნების გაუქმების შემთხვევაში ავიაკომპანიების და სასტუმროების ნაწილი თანხას არ აბრუნებს.
„100 პროცენტიდან 96-მა გააუქმა. ქვეყნებსაც გააჩნია, სადაც უფრო ნაკლები ფაქტებია დაფიქსირებული, ზოგიერთი მიდის, თუ გადაუდებელია, ტურისტული მიზნებისთვის ყველა ცდილობს რომ გააუქმოს. პრობლემა ის არის რომ არა მხოლოდ იტალიის, არამედ ევროპის ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ყველა ცდილობს გააუქმოს მოგზაურობა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არის რამოდენიმე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლებიც თანხებს არ აბრუნებენ. პრობლემაა ასევე ისიც, რომ ბევრ ქვეყანაში სასტუმროებზეც პრობლემები გვექნება, რადგან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ შედიან არსებულ მდგომარეობაში“, - განაცხადა სოფიო ნაცვლიშვილმა.
თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე ისაუბრა ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, ელენე ხვედელიძემაც. მან აღნიშნა, რომ მოქალაქეებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინასწარ ინფორმირებული არიან, რომ თანხები დაბრუნებადი არ არის, ვირუსით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურების მოლოდინი აქვთ.
„მიუხედავად იმისა, რომ მგზავრები ზოგადად ინფორმირებული არიან ჯავშნის გაკეთების მომენტში, ეს ჯავშანი დაბრუნებადია თუ არა, როდესაც ასეთი ფორსმაჟორული სიტუაცია იქნება, ცხადია გვესმის მგზავრების, ყველა ელოდება რომ ამ შემთხვევაში სასტუმრო იქნება ეს თუ ავიაკომპანია, ზარალს აუნაზღაურებთ. მაგრამ, ხშირად ვხვდებით იმ პრობლემას, რომ როდესაც არადაბრუნებადი ტარიფით არის დაჯავშნილი სასტუმრო თუ ავიაბილეთი, ავიაკომპანიის შემთხვევაში თუ ფრენები ზოგადად არაა გაუქმებული, არ ბრუნდება არანაირი თანხა“, - განაცხადა ელენე ხვედელიძემ.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტაც უფასურდება. დღეის მდგომარეობით, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.87 თეთრია, თუმცა ჯიხურებში მისი ფასი 2.94 ლარს შეადგენს.