logo
ENG



ვისაუბრეთ გვარამიას საქმეზე, უსაფრთხოების პრობლემებზე - ხოშტარია შოლესთან შეხვედრაზე

19 მაი 202215:39
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, საუბარი შეეხო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობის საქმეს.

ამასთან, ხოშტარიას თქმით, მხარეებმა ოცნების ლიდერების მხრიდან დერეკ შოლეს მიმართ გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილეს ყურადღება.

"ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ, ნიკა გვარამიას საქმეზე, რას ნიშნავს მედიაზე თავდასხმა ევროკავშირისთვის. რა თქმა უნდა, გადავეცით წერილი და ძალიან ყურადღებით მიიღო. ასევე უსაფრთხოების პრობლემები, რაც არის სანქციებთან დაკავშირებული, ყველა საკითხი აბსოლუტურად. სხვათა შორის, შეხვედრის დროს აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" შეურაცხყოფას აყენებდა ამ მაღალი დონის სტუმარსაც, ცხადია, ამაზეც გვქონდა საუბარი", - თქვა ხოშტარიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს გუშინ ეწვია. ის NGO-ების, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

NGO-ების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო მართლმსაჯულების რეფორმას, რასაც "ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.

"დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა. ძალიან ბევრმა ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გაიარეს ძალიან ბევრი რეფორმა, მათ შორის მართლმსაჯულების, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ის, რომ ავად თუ კარგად, როცა მიმდინარეობდა იმ ქვეყნებში სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულება ჩაენაცვლებინა თუნდაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მოსაზრებებით ან იმ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ან თუნდაც სახალხო დამცველის გადაწყვეტილებებით", - თქვა მაჭარაშვილმა.


close დახურვა