logo
ENG



ვიცეპრემიერი ვარაუდობს, რომ საქართველო ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცეს წელს შეუერთდება

26 თებ 202415:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/26/h5vfhelgnlkn43a.jpg

ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველო ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცეს წელსვე შეუერთდება.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მან თქვა, რომ "ამ კუთხით დიდი სამუშაო უკვე გაწეულია", საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროკომისიამ უნდა მიიღოს.

"ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩვენ ევროპის ერთიანი როუმინგის სივრცეს შევუერთდეთ და შესაბამისად, ადგილობრივი ტარიფებით ისარგებლოს მოსახლეობამ როუმინგ მომსახურების დროს ევროპაში მოგზაურობისას, თუმცა, კონკრეტული თარიღის დასახლება ჩვენ გაგვიჭირდება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენზე დამოკიდებული. გადაწყვეტილება არის ევროკომისიაზე დამოკიდებული. კონკრეტული სამოქმედო გეგმა არსებობს, რა არის ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი და ამაზე ინტენსიურად მიდის მუშაობა.

ეს არის ძირითადად გარკვეული მარეგულირებელი აქტების მიღება, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ კუთხით დიდი სამუშაო უკვე გაწეულია. თქვენ მოისმინეთ განცხადებები ევროკომისიაში, რომ საქართველომ დიდი სამუშაო უკვე გაწია. საქართველო იყო მოწინავე ასოცირების ტრიოს ქვეყნებს შორის, რომელმაც რეფორმები ამ სფეროში განახორციელა, თუმცა გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ყოფილიყო ერთიანი განცხადება, როცა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ჩაერთვებოდნენ ერთიან როუმინგის სივრცეში. ამ შემთხვევაში მიდის ინდივიდუალურად ქვეყნებთან მუშაობა, რომ მალე ჩვენ გავხდეთ ერთიანი როუმინგის სივრცის ნაწილი.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელსვე გვექნება პროგრესი. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლის მიღებასაც ვაპირებთ და საბოლოოდ ჩვენ ევროკომისიის მოთხოვნებს ალბათ ვუპასუხებთ", - თქვა დავითაშვილმა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 20 თებერვალს თქვა, რომ მზად არიან, მიმართონ საბჭოს, რათა ევროპულ როუმინგის სფეროში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს.


close დახურვა