logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ის სასწრაფო შეხვედრას ითხოვს

10 ოქტ 202214:12
3 წუთის საკითხავი
 
ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ის სასწრაფო შეხვედრას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც ამჟამად G7-ს თავმჯდომარეობს, სთხოვა, სასწრაფოდ მოიწვიოს ჯგუფის შეხვედრა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"შევთანხმდით ოლაფ შოლცთან, გერმანიის კანცლერთან, რომელიც ხელმძღვანელობს G7-ს, ჯგუფის სასწრაფო სხდომის მოწვევაზე. დაგეგმილია ჩემი გამოსვლა, რომელშიც ვისაუბრებ რუსეთის ფედერაციის მიერ მოწყობილ ტერაქტებზე", - წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ დასძინა, რომ შოლცთან რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებაც განიხილა.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.

სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.


close დახურვა