logo
ENG



ვოლსკი: გუნდში სრული ჰარმონიაა

15 იან 202114:36
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებაში სრული ჰარმონიაა. ვოლსკის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის დატოვებამ კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის "ამბიციების დაპირისპირება" გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვოლსკის თქმით, მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე ცრუ ინფორმაციებს პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

"არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძე ერთმანეთთან ამბიციების ჭიდილი ქონდეთ. გუნდში სრული ჰარმონიაა და დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს. მთავარს გეტყვით, როდესაც ამ თემაზე პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები საუბრობენ, არავითარი წყარო გააჩნიათ. თავად არიან წყარო, თავად არიან ნიუსის შემქნელებიც, როგორც წესი ფეიქ-ნიუსის, და ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო სივრცეში თემის "შემოგდება" თავისთავად განაპირობებს აქტუალიზაციას ამ შეკითხვის", - აცხადებს ვოლსკი.

ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლისა და მის ადგილზე კობახიძის დანიშვნის შესახებ ფორმულამ ექსკლუზიური ინფორმაცია 17 დეკემბერს გაავრცელა. გია ვოლსკი ამ ინფორმაციას უარყოფდა და კითხვის დამსმელ ჟურნალისტს "ზონდერს" უწოდებდა.

ხვალ, 16 იანვარს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. 11 იანვარს ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა. თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის ბიძინა ივანიშვილმა დატოვა. 

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილის წასვლის შემდეგ, მმართველ გუნდში რამდენიმე დაჯგუფებას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო.

 

 


close დახურვა