ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებებში რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს, გრეგორი კარასინს საკუთარი ინტერესი აქვს.
კერძოდ, როგორც ვოლსკი აცხადებს, კარასინის ინტერესია ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის შექმნას პირობები, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე მუდმივად შეინარჩუნოს დაძაბულობა.
"კარასინს აქვს სწორედაც ინტერესი პირველი: რომ თავის ქვეყანაში დუმას მოახსენოს, რომ ამ თემას არ ტოვებს უყურადღებოდ და მას ეს თემა დღის წესრიგში გააჩნია და მეორე, როგორც ატყობთ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის პირობების შექმნა, რომ ეს სტრესი, დისბალანსი, დაძაბულობა მუდმივად შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკურ ველზე და ამ შემთხვევას, რა საკვირველია, კარასინი არც ამ მოლაპარაკების შემდეგ გაუშვებდა ხელიდან",-ამბობს ვოლსკი.
ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შეხვედრა 27 ნოემბერს დისტანციურად შედგა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად".
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა.
2019 წლის ივნისში, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობას პროტესტი მოჰყვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გადამეტებით დაშალა. დაშავდა ათობით მოქალაქე. პროტესტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. რუსული მხარე განცხადებაში "პროვოკაციის უარყოფით შედეგებში" სწორედ ფრენების შეჩერებას გულისხმობს და მის აღდგენაზე ლაპარაკობს.