logo
ENG



ვოლსკი: მთავრობა ლაპარაკობს პრობლემებზე და გაცილებით უკეთესი კვლევაც აქვს ჩატარებული

17 ივლ 202013:47
3 წუთის საკითხავი
 
f2ar5pa9h9us2nd.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს. 

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა იმისკენ იყო მიმართული, რომ მაღალი რეიტინგები მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონოდათ. უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ კვლევები ოპოზიციის მიერ არის ჩატარებული. 

„მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ჯერ როგორ ჩაატარეს ამ პანდემიის პირობებში, ან აქამდე როგორ ატარებდნენ, საინტერესოა. საერთოდ, ამ ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს.

რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ამის თაობაზე ხმამაღლა ლაპარაკობს მთავრობა და გაცილებით უფრო კარგი კვლევაც აქვს ჩატარებული. სამწუხაროდ, ბევრი პროგრამა, რომელიც განაპირობებდა კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას, ამ უბედურების გამო ვერ სრულდება, რასაც ვირუსის გავრცელება ჰქვია, მაგრამ იმედია, დასტაბილურდება და კიდევ დავუბრუნდებით იმ ტემპებს, რომელიც გვქონდა დაგეგმილი. რაც შეეხება სიტუაციის მართვას საგანგებო პირობებში, მახსოვს 18 თუ 20 მიმართულება, სადაც ხელისუფლების ჩართულობა 2012 წლამდე იყო - 0, მაგრამ რეიტინგებში მაინც პირველ ადგილზე იყვნენ. ამ 0-დან მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, საკმაოდ ბევრი შევძელით. საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა, ხოლო კეზერაშვილის ტელევიზიებით თუ სხვა რესურსებით წარმოჩენილი განწყობა სხვაა. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კიდევ მეტს შევძლებთ, გაცილებით უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს და არც ადამიანების სისხლსა და ბედზე გადაივლის ჩვენი მომავალი ისტორია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: "ქართული ოცნება" - 39%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16%; ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 5%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს - ლეიბორისტული პარტია - 3%; ლელო - 3%; ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) - 3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; გირჩი - 2%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 1%; გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%; სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%; თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%

Edison Research ავტორიტეტული ამერიკული კვლევითი კომპანიაა.

"ფორმულას" დაკვეთით კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.


close დახურვა