ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტს, რომელიც „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. გასულ წელს გიორგი გაბუნიას მონოლოგი გადატრიალების მცდელობად სწორედ ვოლსკიმ შეაფასა, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ მისი შეფასება კატეგორიული არ ყოფილა.
როგორც ვოლსკი ამბიბს, გინება მედიასივრცისთვის შეუფერებელია და გიორგი გაბუნიას მაშინდელი სიტყვა გამოწვევას ემსახურებოდა.
„ეგრე არ არის, მე მაშინაც ვთქვი, რომ გინება და უწმაწური სიტყვები შეუფერებელია მედიასივრცისათვის, რა საკვირველია გამოწვევას ემსახურება, რომ იქიდანაც შესაბამისი რაღაც ზომები იქნეს მირებული. რა საკვირველია რუსეთი არ გაუშვებს შესაძლებლობას, რომ არეულობა შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. თავისთავად ადამიანის მოკვდინება უშველებელი ცოდვაა, ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს კონკრეტული ადამიანების მიმართ, მარტო გაბუნიაზე არ არის ლაპარაკი, სიცოცხლის წართმევა არის არამარტო ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული“,-აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ფორმულას" ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.