logo
ENG



ვოლსკი 5 ივლისზე: რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში

30 მაი 202217:37
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ 5 ივლისს არაფერი "მომხდარა ისეთი, რაც ევროპულ სივრცეში არ ხდება". 

მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადების შესახებ, რომელმაც, თავის მხრივ განაცხადა, რომ EU-ს აქვს კითხვები დემოკრატიულ არჩევნებზე, 5 ივლისსა და მის თანმხლებ მოვლენებზე, უმცირესობებზე, ჟურნალისტებზე, მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობასა და კანონის უზენაესობაზე.

ვოლსკი ამბობს, რომ კითხვებს თავად ჰარცელის განცხადებები ბადებს. 

"ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია. დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? ის, რომ ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში. არსებობს სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, (ეს ხდება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. თუ ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, მათ შორის 5 ივლისის დანაშაულს. 

რეფორმებს რაც შეეხება და საარჩევნო სისტემას, მე არ მგონია, ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, რაც საქართველოშია მიღებული.

თუკი რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. თუკი რაიმე პროცესია, მაგალითად პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა ამაში ხელისუფლების რგოლია მხოლოდ დამნაშავე, თუკი საერთოდ არის იგი დამნაშავე? ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით". - თქვა გია ვოლსკიმ. 

სამიტი, სადაც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება, ბრიუსელში 23-24 ივნისს გაიმართება. 

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის ორივე ნაწილის შევსება 6 მაისს დაასრულა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს 11 აპრილს გადაეცა. 

მთავრობამ მხოლოდ კითხვარები გაასაჯაროვა. უცნობია, როგორ შეავსო კითხვარი საქართველოს ხელისუფლებამ. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

24 მაისს ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, რომელშიც ევროკავშირისთვის პრობლემური საკითხებია ჩამოთვლილი, რის გამოც საქართველოს შესაძლოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ. დოკუმენტი ირაკლი ღარიბაშვილს 17-18 მაისს, ბრიუსელში ვიზიტისას გადასცეს.

პრობლემური საკითხების ჩამონათვალი 20-პუნქტიანია, მათ შორის არის შემდეგი: 

  • შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა; 
  • ხარვეზები პირველ და მეორე ტურში;
  • მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები შესაძლო დარღვევები;
  • მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევები; 
  • ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა;
  • 5 ივლისის მოვლენები და მათზე არასათანადო რეაგირება;
  • პროკურორის არჩევითობა; 
  • დიპლომატების ფარული მიყურადება. 

close დახურვა