logo
ENG



ვოლსკი ოპოზიციაზე: რა დეკლარაციაც არ უნდა მიიღონ, პანიკურ ატმოსფეროს ვერ ჩამოაყალიბებენ

18 აგვ 202015:56
3 წუთის საკითხავი
clock 508
smpz3554g5hyw5l.jpg

"რა დეკლარაციაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, საზოგადოებაში პანიკურ ატმოსფეროს მაინც ვერ ჩამოაყალიბებენ", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას არჩევნებზე ერთმანეთის ხმების დაცვასთან დაკავშირებით.

ვოლსკი ამბობს, რომ ხმების დაცვის საკითხი "აქტუალური არ არის" და საარჩევნო პროცესთან მიმართებით საშიშროება თავად ოპოზიციისგან მომდინარეობს:

"არანაირი ხმების დაცვის აუცილებლობა არ არის აქტუალური თემა. სწორედ ამის აქტუალიზაციას ცდილობს ოპოზიცია, თითქოს მათ ხმები აქვთ დასაცავი და ვითომ საზოგადოებას აქვს ის განცდა, რომ შეიძლება რაიმე დარღვევებით ჩატარდეს არჩევნები. საზოგადოებას არ აქვს ასეთი განცდა. რა დეკლარაციაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, საზოგადოებაში ამ პანიკურ ატმოსფეროს მაინც ვერ ჩამოაყალიბებენ. ვფიქრობ, რომ დეკლარაციას თავისი მიზანი აქვს - ეს არის ძალთა გაერთიანება იმ შემთხვევისათვის, თუკი ექნათ რესურსი რაიმე დესტრუქციული პროცესების განსავითარებლად. საშიშროება მომდინარეობს სწორედ იმ გაერთიანებისგან, რომელიც ასეთ დეკლარაციას იღებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 30 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა დეკლარაციის ტექსტზე, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებზე პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას იღებენ. 

გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. სწორედ ზურაბ ჯაფარიძე იქნება გია ვოლსკის კონკურენტი, რომელიც ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.


close დახურვა