logo
ENG



ვოლსკი ოპოზიციაზე - შესაძლოა, საგანგებო ვითარების შენარჩუნება უნდათ, რომ არჩევნები არ ჩატარდეს

21 მაი 202017:46
3 წუთის საკითხავი
 

მმართველ გუნდში შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შეზღუდვები ხელისუფლებას ვირუსთან ბრძოლისთვის სჭირდება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნების გადადება სურს და ცდილობს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს.

„ჩვენც შეიძლება ვთქვათ, რომ საგანგებო ვითარების შენარჩუნება ხომ არ უნდათ ოპონენტებს, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს. ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც უმართავი გახდება სიტუაცია. ასეთი ეჭვების გამოთქმის საფუძველიც არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპონენტებს უმრავლესობის წევრმა რატიო იონათამიშვილმაც უპასუხა და განაცხადა, რომ მათი მიზანია პოლიტიკური დივიდენდების დაწერაა.

„ეს საგანგებო მდგომარეობის გულშემატკივრობა კი არ არის, ის მიდგომაა, რომ გააკრიტიკონ ყველაფერი, რაც არ უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ ამას დივიდენდები მოაქვს მათთვის, სინამდვილეში კი ცხადია, შედეგი კრიტიკას კი არა საქმის კეთებას მოაქვს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სხდომა უკვე 2 საათზე მეტია, მწვავე დებატებისა და ხმარუის ფონზე მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ოპოზიცია წარმოდგენილ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რას იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება.

შეგახსენებთ, პარლამენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობას გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში, შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტით სრულიად გამორიცხულია  ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.


close დახურვა