logo
ENG



ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ყოველთვის არის გაუთვალისწინებელი შემთხვევის მოლოდინი

23 ივნ 202010:34
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს  უყრის. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტი დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს და კანონპროექტს მეორე მოსმენითაც მხარს დაუჭერს.

ვოლსკი იმედოვნებს, რომ კენჭისყრაში ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რასაკვირველია, ყოველთვის არის გაუთვალისწინებელი შემთხვევის მოლოდინი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც პირველი კენჭისყრის დროს, პარლამენტი გაართმევს თავს მიიღოს ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე. რასაკვირველია კარგი იქნება, ყველამ მიიღოს მონაწილეობა და არ იყოს ამით სპეკულაციების წინაპირობები“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.

განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. „ევროპული საქართველოს" წევრის, ოთო კახიძის თქმით, პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობით მათ „ქართულ ოცნებას" ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის დამატებითი დრო მისცეს - კერძოდ, გიორგის რურუას საპატიმროდან გათავისუფლებისთვის.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.


close დახურვა