ქართული ოცნების დეპუტატი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზად ამბობს, რომ "შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს შეუთანხმებლობას". ვოლსკი აღნიშნავს იმასაც, რომ "ტყუილად არაფერი არ ხდება".
"რა მოხდა? არაფერი ისეთი არ მომხდარა. რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, სისტემა მუშაობს, ასე, რომ ამ თემაზე თუკი კომენტარი არ გამაჩნია, ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაცას გიმალავთ.
შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს რაღაც შეუთავსებლობას, შეუთანხმებლობას გარკვეული პოზიციების, რომელიც გააჩნია მთავრობის მეორე ნაწილს. შესაძლოა. რასაკვირველია, ტყუილად არაფერი არ ხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დეტალები მაქვს, რამე სკანდალურად მიმაჩნია და ამაზე არ გელაპარაკებით", - ამბობს დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას.
იმედის ეთერში ინტერვიუს დროს გია ვოლსკიმ, ასევე თქვა, რომ ეკატერინე ტიკარაძე საკმაოდ კომპეტენტური იყო, არამხოლოდ მის სფეროში, მაგრამ "არის პრემიერმინისტრი, მისი შეხედულებები და იერარქია". იგი აღნიშნავს, რომ მინისტრის გადადგომის მიზეზებზე თავად, უკვე ყოფილი მინისტრი, ან პრემიერი ისაუბრებს.
9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.
რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით.