logo
ENG



ზალკალიანი განმარტავს, თუ რატომ არ გაიარა კარანტინი ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ

17 ივლ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 
uqsni4lh3n29mx6.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმ ფაქტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან, ბელგიაში მოგზაურობის შემდეგ, სავალდებულო კარანტინი არ გაიარა. 

ზალკალიანი ამბობს, რომ მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინის გავლა არ სჭირდება. მისივე თქმით, დადგენილების თანახმად, დელეგაციის წევრმა ყოველ 72 საათში ერთხელ PCR ტესტი უნდა ჩაიტაროს. 

მინისტრი აღნიშნულ კონტექსტში პოლიტიკურ სპეკულაციებზეც საუბრობს. 

"მინდა დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და გაეცნოთ! საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატო-სა და ევროკავშირში. 

საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.

სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე", - წერს ზალკალიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ზალკალიანმა კარანტინი არ გაიარა.

იმავე დღეს "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე ზალკალიანს მიმართა, კერძოდ მას აინტერესებდა გაივლიდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს, მას შემდეგ რაც ის ქვეყანაში დაბრუნდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ PCR ტესტი ჩაიტარა. 


close დახურვა