logo
ENG



ზალკალიანი ივერი მელაშვილის დაკავებაზე: განსაკუთრებით ემოციურია ჩემთვის

08 ოქტ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ეხმაურება მისივე სამინისტროს თანამშრომლის, ივერი მელაშვილის დაკავებას დავით გარეჯის საქმეზე და ამბობს, რომ ეს მისთვის "განსაკუთრებით ემოციურია". ამის შესახებ მან დღეს, 8 ოქტომბრის მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც პირადად და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვის ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო და ჩვენ ყველა ვწუხვართ, რომ სამინისტროს თანამშრომელია ამ გამოძიების პროცესში.

მე იმედი მაქვს, ყველა კითხვას, რაც მის მიმართ არსებობს, პასუხი გაეცემა. განსაკუთრებით ემოციურია ეს ჩემთვის, რადგან 28 წელია ამ სისტემის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანს ვიცნობ. მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი სანამ არ დასრულდება, იყოს მათი უფლებები დაცული", - ამბობს დავით ზალკალიანი.

7 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ დააკავა და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით ბრალი წარუდგინა დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელს, ივერი მელაშვილს და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას. 

პროკურატურის ამ ნაბიჯს ოპოზიციის, ექსპერტებისა და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა - ისინი საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ და თემის წამოწევას წინასაარჩევნო სვლად აღიქვამენ.

გამოძიება დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 3500-მდე ჰექტარი უცხო ქვეყანას გადასცეს".

როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ათიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.

აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარი, არსებული ფორმით, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა და ორმხრივად შეთანხმდა. თუმცა, დადგენილია სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილი - 294 კილომეტრი 446 კილომეტრიანი ზოლიდან. სწორედ შეუთანხმებელი საზღვრის დადგენაზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ივერი მელაშვილი უძღვებოდა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000.

კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით: "ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".

რა ვიცით დავით გარეჯზე - სრული მასალა იხილეთ ბმულზე.


close დახურვა