logo
ENG



ზალკალიანი შმიგალზე: ეჭვი მაქვს, ამ ტვიტის შექმნაში უშუალოდ თვითონ არ უნდა იყოს ჩართული

28 თებ 202223:23
3 წუთის საკითხავი
 
ზალკალიანი შმიგალზე: ეჭვი მაქვს, ამ ტვიტის შექმნაში უშუალოდ თვითონ არ უნდა იყოს ჩართული
საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დენის შმიგალის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ პოსტთან დაკავშირებით "ეჭვები აქვს".

დღეს უკრაინის პრემიერმინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოხალისეების უკრაინაში ფრენაზე ნებართვას გასცემს.

ზალკალიანის მტკიცებით, შმიგალსა და ღარიბაშვილს კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

"მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ტვიტის შექმნაში უშუალოდ თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული. ეს ჩემი ვარაუდია. ის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, მე ბევრ ეჭვს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, საიდან შეიძლება მოდიოდეს. მაგრამ მესმის, იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ემოციურ ფონზე შესაძლებელია ასეთი ემოციური პოსტი ყოფილიყო გაკეთებული", - თქვა ზალკალიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.

დღეს, საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა. ამას twitter-ზე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალიც. 

ის იმედოვნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს. 

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება", - წერს შმიგალი.

"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!" - დაამატა შმიგალმა. 


close დახურვა