უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკიში სარაკეტო იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
"დილის მდგომარეობით, კიდევ 2 გარდაცვლილი იპოვეს. გუშინ, საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკვე 9 გარდაცვლილია ნაპოვნი. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ.
17 ნოემბერს, ღამით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკიში. რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო იერიშის შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა, კერძოდ, დაინგრა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.