logo
ENG



ზარქუა: მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს

07 იან 202215:15
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

"მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ლეიბორისტული პარტიის განხილვებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით. ზარქუას თქმით, ყველა, ვისაც მანდატი აქვს პარლამენტში უნდა დაბრუნდეს.

"როდესაც ფანჩატურში იკრიბებოდა შალვას ოპოზიცია და ბოიკოტს აცხადებდნენ, მაშინაც ხომ ვამბობდით, რომ ეს შეკრება არ იყო პრინციპებსა და ღირებულებებზე. ვიღაცა მოსახლეობაზე იყო განაწყენებული, ვიღაც ერთმანეთზე იყო განაწყენებული. ეს ადრე თუ გვიან დამთავრდებოდა. ხომ ვთქვით, რომ შემოვიდოდნენ და, აჰა! მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს.

ეს პირადად ჩემთვის, უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის. თუმცა, იმ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს, ვისაც ჰგონია, რომ შალვა არის მხსნელი და გუგავა ყველგან მივა, აი, მათთვის, ალბათ რაღაც შეიცვლება, რადგან მათი ხმა გაჟღერდება პარლამენტში", - ამბობს დეპუტატი.

6 იანვარს TV პირველის ეთერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში შესვლაზე მსჯელობს. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ლეიბორისტულმა პარტიამ ერთი მანდატი მოიპოვა და დეპუტატი ნათელაშვილი გახდა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და გაყალბებულად გამოაცხადა, ლეიბორისტული პარტია ბოიკოტს შეუერთდა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა. პარტიის ლიდერი საპარლამენტო ცხოვრებაში არც 19 აპრილის შეთანხმების მიღების შემდეგ არ ჩაერთო.


close დახურვა