ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ UNESCO-ს, რომელმაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა, არასწორი ინფორმაცია აქვს.
"ეს ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას არასწორი ინფორმაცია აქვს და არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ლაშქარავა 5 ივლისს კი არ გარდაიცვალა, როგორც იქ მითითებულია, არამედ 11 ივლისს. ესეც მიუთითებს რომ შეცდომაა და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა", - ამბობს ზარქუა.
UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული. მკვლელობის თარიღად 5 ივლისია მითითებული.
ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ერთ-ერთი იყო იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომელთაც თბილისის პრაიდის ჩატარების დღეს თავს დაესხნენ.
ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.
მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება.
ოპერატორის ცემის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესიც ამ დრომდე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მხრივ ცდილობდა განევითარებინა ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა. თუმცა ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა მზად არაა.