ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია".
ზარქუა სააკაშვილის შეწყალებაზე იხსენებს ზურაბიშვილის ფრაზას - "არა და არასდროს" და ამბობს, რომ არ უკვირს, თუ პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა", რადგან მისი მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი "უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან გადავიდა".
"მთელმა საქართველომ კი არა, მსოფლიომ იცის ეს გამოთქმა - არა და არასდროს, ალბათ თქვენც და გეღიმებათ ახლა და ეს რასთან დაკავშირებითაც თქვა, ხომ იცით არა. ახლა თუ იცვლის პოზიციას, არ მიკვირს, იმიტომ რომ გადავიდა უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან, რომელთათვისაც სიტყვა სიტყვა არ არის, წინადადება წინადადება არ არის, ღირსება ღირსება არ არის. დააკვირდით აბა, გუშინ ვინც შეიკრიბა, დიდი უმრავლესობა ზოგი ამტკიცებდა, რომ აქ არ შემოვიდოდა შემოვიდნენ, სამარცხვინო იყო. [...] კიდევ ერთხელ, ის [სალომე ზურაბიშვილი] აირჩია ქართველმა ხალხმა ჩვენი ხელშეწყობით. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში, ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, მერე ვერ დავიცავთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ იწყალებს, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
"უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენებაში. არა მხოლოდ მან, შევარდნაძემაც, ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა. ზურაბ ჟვანიამ, რომლის 60 წლის იუბილე აღინიშნა, მთავარი როლი ითამაშა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.