logo
ENG



ზაუტაშვილი: ყველა მთავრობა ერთსა და იმავე გზას დაადგა, არაფრით არ დათმო გავლენა მაუწყებელზე

16 დეკ 202312:25
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე დათო გორგილაძის გადაცემის დახურვას ეხმაურება. მისი თქმით, ეს დიდი დანაკლისი იქნება მაუწყებლისთვის,

"ყველა მთავრობა ერთსა და იმავე გზას დაადგა, არაფრის დიდებით არ დათმოს გავლენა საზოგადოებრივზე. სამწუხარო ისაა, რომ ჯერ ზუსტად არ ვიცით, კიდევ რომელი გადაცემები შეეწირება ფინანსურ რეორგანიზაციას და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა პარლამენტში მსხდომებმა საკუთარი ხელფასის მომატებას ერთხმად მისცეს ხმა. მე ზუსტად ვიცი, ყველა გადაცემას, რომელსაც დავკარგავ საზოგადოებრივზე, ვნახავ სხვაგან, მაგრამ თავად საზოგადოებრივი პლატფორმის იდეა ძალიან კნინდება და მთელი გულით განვიცდი", - წერს ტელეწამყვანი ფეისბუქზე.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოპულარული გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში აღარ გავა. როგორც წამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს. 

დათო გორგილაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია პირადი აზრი სხვადასხვა საკითხე. ის ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკება. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. არსებული კანონით, დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება. მაგალითად, 2021 წელს დაფინანსება 69,6 მლნ ლარს შეადგენდა.

ახალი კანონის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით 15 დეკემბერს დაუჭირა მხარი, დაფინანსების წესი იცვლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.


close დახურვა