რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის ფარგლებშიც ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ნატო სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაში დაინტერესებულია.
"სამიტზე, ნატოს წევრმა ქვეყნებმა აჩვენეს აბსოლუტური ლოიალურობა ვაშინგტონის მიმართ, აჩვენეს მზაობა დაიცვან მისი [ვაშინგტონის] პრინციპები რუსეთის ტოტალური შეკავების მიმართულებით. სამიტზე გაკეთებული განცხადება კიევის რეჟიმის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ადასტურებს ალიანსის დაინტერესებას სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაში. როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოლაპარაკებებისკენ მოწოდებით გამოდის, არც ერთი მცდელობა არ აქვს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ უბიძგოს.
უფრო მეტიც, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სიამაყით აცხადებს, რომ ალიანსმა ბოლო 8 წლის განმავლობაში გადაამზადა ათობით ათასი უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ახლა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობენ. უკრაინის იარაღით მომარაგებით, ბრიუსელმა კიევის პროვოცირება მოახდინა რომ დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ წასულიყო, ახლა კი საშინელ შედეგს იმკის", - განაცხადა ზახაროვამ.
დღეს გამართულ სამიტზე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავდაცვაში დაეხმარებიან. გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში.