პროფესორი გიგა ზედანია ალტ-ინფოს მიერ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლასა და ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.
ზედანია წერს:
"ქართველი ინტელექტუალების მთავარი გამოწვევა მათი მეორადობაა. ეს არაა გასაოცარი ტრაგედია - პატარა ქვეყნის მოცემულობაა უბრალოდ ასეთი. ჯოისი, სარტრი და ჰაიზენბერგი ასეთ ქვეყნებში თითქმის არასდროს იბადებიან.
ლევან ბერძენიშვილი ამ მხრივ გამონაკლისია - არა როგორც ლიტერატურათმცოდნე, არამედ როგორც მთხრობელი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა - მსოფლიოში დღეს ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც მასავით შეუძლია ჰიპნოტური თხრობა, საათობით რომ შეგიძლია უსმინო მიუხედავად იმისა, თუ რაზე ყვება: ჰომეროსზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ლაგერსა თუ "ძუნწ" ბებიაზე. საუკეთესო თედ თოქების ნაწვალები ფორმულებით აგებული პრეზენტაციები ახლოსაც კი ვერ მოვა იმ ხალას ტალანტთან, რომლის მატარებელიც ეს ადამიანია.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთი საუკუნის შემდეგ მერე მისი თხრობა - ვიდეო თუ აუდიო ლექციები და საუბრები - ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი იქნება. არა იმის გამო, რასაც ის ამბობს, არამედ იმის გამო, როგორც ამბობს.
კარგია, რომ ბევრ ახალგაზრდას ჰქონდა ცხოვრებაში შესაძლებლობა, პირადად განეცადა ეს ნარატიული ჰიპნოზი. ძალიან ცუდია, როცა დღეს - და თუ მომავალში - ვინმეს ეს შესაძლებლობა უქრება. მისი საჯარო ლექციები ისეთივე კულტურული ინსტიტუციაა ამ ქვეყანაში, როგორიც იყო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი ან ბუბა კიკაბიძის სიმღერები. ეს არის თანამედროვე ქართული კულტურა.
ის უნდა ვაცოცხლოთ. შემთხვევით არ დამიწყია ლევან ბერძენიშვილით - ჩვენ გვახასიათებს მორბიდულობა - გარდაცვლილებს ათჯერ უფრო ვაფასებთ, ვიდრე ცოცხლებს, ერთი სული გვაქვს, წესი ავუგოთ, რომ მერე ზედ ქანდაკებაც მივაყოლოთ. ამიტომ ჯერ ცოცხლებზე უნდა ვთქვათ. თორემ, ცხადია, რომ დღეს, პირველ რიგში, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას განვიცდით.
ბუბა კიკაბიძე იყო ის, რასაც თანამედროვე კულტურის ენაზე ჰქვია icon - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ის ქართველის იდეალი ("მე-იდეალი" ფსიქოანალიტიკური აზრით), ფანტაზმა. "არ დაიდარდოში" შესრულებული "შენ ხარ ვენახი" არის ქართული კულტურის კვინტესენციური მომენტი, მომენტი, რომლის გავლითაც ჩვენ გვესმის საკუთარი თავი როგორც ქართველებს: ღირსება, მეგობრობა, სიკვდილის ავთენტური რიტუალი - მისი მსახიობური თამაშისა და სიმღერის გარეშე დღეს რთული წარმოსადგენია. თუმცა ბოლო წლების აღმოჩენაა ჩემთვის მის მიერ 1965 წელს შესრულებული სიმღერა Basta. სავარაუდოდ ცენზურის გამო მას "კონგოური სიმღერა" მიაწერეს, თუმცა სინამდვილეში 1961 წელს ჩელენტანოს მიერ დაწერილი სიმღერის ქავერი იყო. ოღონდ თუ ამ ორ ვერსიას შეადარებთ ერთმანეთს, აღმოაჩენთ იმპროვიზაციასაც - ქართულ ან, უფრო რეგიონულ ელემენტებს, შეტანილს იმდროინდელ დასავლურ პოპ-კულტურაში. ბუბა კიკაბიძე ამ დროს იყო ქართველი და, მაშასადამე, ევროპელი. გაგვიმართლა, რომ ეს კულტურული იდენტობა მან სამოქალაქო პოზიციაშიც გადაიტანა და, განსხვავებით რუსებისგან, რომლებიც თავიანთ ნეკროლოგებში წერენ, რომ უყვართ ბუბა მისი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გვიყვარს მის სამოქალაქო პოზიციიასთან ერთად.
და ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ვიფიქროთ კულტურაზე, რათა რამენარად გადავლახოთ ის დაპირისპირება სახელმწიფოსა და კულტურას შორის, რომელიც ბოლო ორასი წელია სისხლს გვიშრობს. ჩვენი კულტურა მოითხოვს სახელმწიფოებრიობას, "ვეფხისტყაოსანი" ვერ გახდება ეთნოგრაფიის ობიექტი. მადლობა ყველას, ვინც ამ კულტურას დღეს აცოცხლებს".
გუშინ, 15 იანვარს ბერძენიშვილი ევროატლანტიკურ ცენტრთან, სადაც ლექცია უნდა ჩაეტარებინა, არ მიუშვეს. ბერძენიშვილის ლექცია ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, ფორმულა მათ კომენტარს ამ დრომდე ელოდება.
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გუშინ, 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.