logo
ENG



ზელენსკი: ირანი იტყუება, რომ რუსეთს ადრე ცოტა დრონი მიაწოდა, ყოველდღიურად 10-ს ვაგდებთ

05 ნოე 202223:56
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ირანი იტყუება, რომ რუსეთს ადრე ცოტა დრონი მიაწოდა, ყოველდღიურად 10-ს ვაგდებთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური თეირანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მათ რუსეთს ე.წ. კამიკაძე დრონები ომის, მცირე რაოდენობით, ომის დაწყებამდე მიაწოდეს.

ზელენსკი ამბობს, რომ ირანი ამ განცხადებით იტყუება, რადგან ყოველდღიურად უკრაინის შეიარაღებული ძალები სულ მცირე 10 დრონს ანეიტრალებენ.

"დღეს გავრცელდა ირანის ოფიციალური პირების განცხადება. გადაწყვიტეს ეღიარებინათ, რომ რუსულ ტერორს დრონებით ამარაგებდნენ. თუმცა ამ აღიარებაშიც, ტყუილი თქვეს. ყოველდღიურად ვაგდებთ მინიმუმ 10 ირანულ დრონს, ხოლო ირანის რეჟიმი ამტკიცებს, რომ თითქოს მცირე რაოდენობით დრონები მიაწოდეს და ისიც ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე. მხოლოდ გუშინ 11 შაჰიდი გავანადგურეთ.

ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორი ასწავლიდნენ რუს ტერორისტებს დრონების გამოყენებას, თუმცა თეირანში ამის შესახებ დუმან. თუ ირანი მომავალშიც გააგრძელებს ტყუილის თქმას ამ საკითხზე, მაშინ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოახმარს იმას, რომ გამოიძიოს რუსულ-ირანული ტერორისტული თანამშრომლობა და გაარკვიოს, რას უხდის რუსეთი ირანს ამ თანამშრომლობისთვის. არ მოხდება თანამედროვე მსოფლიოში ის, რომ ტერორისტები ან მათი თანამზრახველები დაუსჯელები დარჩნენ", - თქვა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

დღეს ირანმა აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.

***

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს, ამაზე რამდენიმე თვეა უკრაინის ხელისუფლებაც საუბრობს. თუმცა აქამდე ირანი უარყოფდა, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებდა და აცხადებდა, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ირანელი სამხედრო მწვრთნელები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმ ირანული წარმოების დრონების მართვაში ეხმარებოდნენ, რითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს მიმართოს ყველა გზას, მათ შორის სანქციებს, რათა „გაამჟღავნოს, ხელი შეუშალოს და დაუპირისპირდეს“ ირანის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე უკრაინას დაეხმაროს საჰაერო თავდაცვის კუთხით.

რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, 20 ოქტომბერს ირანს სანქციები ევროკავშირმა დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა. EU-ის გარდა, ირანს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.

ასევე სანქციები დაუწესდა საავიაციო ინდუსტრია Shahed-ს, რომელიც იმ დრონებს აწარმოებს, რასაც რუსეთი უკრაინაში თავდასხმებისთვის გამოიყენებდა. ბრიტანეთმა ქვეყანაში Shahed-ის აქტივები გაყინა.


close დახურვა