logo
ENG



ზელენსკი: სამხრეთით, უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

05 ივლ 202200:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/05/qjhapmunq5odncg.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთით ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს და ყოველ კვირას განთავისუფლებული ქალაქების რიცხვი მატულობს. ზელენსკის თქმით ყველა მათგანმა განიცადა ფართომასშტაბიანი განადგურება.

"ეს ნიშნავს კოლოსალური სახსრების საჭიროებას ინფრასტრუქტურის, მედიკამენტების და სოციალური სერვისების, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღსადგენად. გათავისუფლებულ რაიონებში ათიათასობით დანგრეული სახლია. ქვეყნის მთელ თავისუფალ ტერიტორიაზე ჩვენ ასევე უნდა მოვამზადოთ სკოლები და უნივერსიტეტები ახალი სასწავლო წლისთვის, მაგრამ მუდმივი საფრთხის პირობებში, კერძოდ სარაკეტო დარტყმების საშიშროების პირობებში. ჩვენ უკვე უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით ზამთარმა მშვიდად ჩაიაროს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოველდღიურად საფრთხეებს ქმნის."- ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი  საომარი მოქმედებებისა და რუსული დარტყმების შედეგად განადგურდა. ათასობით საწარმომ შეწყვიტა მუშაობა, რაც ნიშნავს სამუშაოს, სოციალური შეღავათების უზრუნველყოფის დიდ საჭიროებას საგადასახადო შემოსავლების შემცირების მიუხედავად.

"სწორედ ამიტომ, უკრაინის აღდგენა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი გამარჯვების შემდეგ, არამედ იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ახლა, ამ მომენტში. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად."

ზელენსკის განცხადებით, ფრონტზე ვითარებას დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. მტერი აგრძელებს სუმის რეგიონის, ქალაქ ხარკოვის და დონბასის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიებზე დარტყმებს. 

"ჩვენ უნდა გავტეხოთ ისინი. ეს რთული ამოცანაა, ამას დრო და ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა - ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს მომავალს, მთელი უკრაინელი ხალხის ბედს."- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი

 

close დახურვა