უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აუცილებლად გაუძლებს ტერორისტების შემოტევას.
"ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქში ტერორისტების რაკეტების სამიზნეა სამოქალაქო, კულტურული და საგანმანათლებლო ობიექტები. ვის შეუძლია გაიხაროს ასეთ ობიექტებზე და ასეთ მიწაზე დარტყმით? მხოლოდ ტერორისტებს!
უკრაინა აუცილებლად გაუძლებს ტერორისტების ამ შემოტევას, რომლებსაც არც ისტორია აქვთ, არც ტრადიცია, არც კულტურა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
დედაქალაქში, საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.