logo
ENG



ზელენსკი სააკაშვილზე: მოვუწოდებ მსოფლიოს, აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა

02 თებ 202300:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/02/v540i6gybbyreg9.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას - საჯარო პრესკონფერენციის შემდეგ, ის ტვიტერზე წერს და მსოფლიოს მოუწოდებს, მისი სიკვდილით დასჯა აღკვეთონ.

"ის ფაქტიც, რომ 21 საუკუნეში ჯერ კიდევ გვიწევს ევროპაში ადამიანის დე ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის ასეთი მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამარცხვინოა. მისი სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენოს ევროპული სტანდარტების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შეწყვიტოს ძალადობა და გაათავისუფლოს მიხეილი! უკრაინამ გამოსავლები შესთავაზა. მოვუწოდებ მსოფლიოს, დაეხმაროს მიხეილს სიცოცხლის გადარჩენაში და აღკვეთოს მისი სიკვდილით დასჯა", - აცხადებს ზელენსკი.

ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა და მისი ფოტოები წარადგინა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩნდება კითხვები - ვის მხარეს არიან ისინი, ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთის მხარეს.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.


close დახურვა