უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას დაადასტურა, რომ G20-ის სამიტში მონაწილეობას ონლაინ ფორმატში მიიღებს.
"ჩვენ უკვე აქტიურად ვემზადებით უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვირისთვის, დიპლომატიური კვირეულისთვის. G20-ის სამიტი ინდონეზიაში გაიმართება. ჩვენი პოზიცია ძალიან შინაარსიანი სახით იქნება წარმოდგენილი", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, G20-ის სამიტის დროს, უკრაინელები არაერთ კითხვას გასცემენ საჯარო პასუხს, რათა ყველა ადამიანმა და მათ შორის უკრაინის პარტნიორებმა შეძლონ პასუხების მოსმენა.
დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გაზაფხულზე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიწვია.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამიტს ვირტუალურადაც არ დაესწრება. ამასთან, პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.