logo
ENG



ზელენსკიმ სანქცირებულთა სიაში პრორუსი აქტივისტი შოთა აფხაიძე შეიყვანა

16 იან 202322:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/16/xe6mwlqrqym3qwc.jpg

ორგანიზაცია "კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის" დამფუძნებელი და ღიად პრორუსი შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

შესაბამის დოკუმენტს ზელენსკიმ 15 იანვარს მოაწერა ხელი და ის ხელმოწერისთანავე ძალაში შევიდა.

აფხაიძესთან ერთად სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ კრემლის უკრაინელი, რუსი და ბელარუსი პროპაგანდისტები, რომლებიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან.

სანქციების თანახმად, ხსენებულ პირებს ეკრძალებათ არსებული კაპიტალის უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანა, მიწის ნაკვეთების შეძენა, ქონების გადაცემა/გასხვისება, სავაჭრო ოპერაციების შესრულება, რესურსების ტრანზიტი.  სულ სანქციები რამდენიმე პუნქტისგან შედგება და მათი მოქმედების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული. 

  • აქტივების ბლოკირება - ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლების დროებით ჩამორთმევა, აგრეთვე იმ აქტივების მიმართ, რომელთა მიმართაც ასეთ პირს შეუძლია პირდაპირ ან ირიბად (სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით) განახორციელოს ქმედებები.
  • სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა (სრული შეწყვეტა);
  • უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების ტრანზიტის, ფრენების და ტრანსპორტირების შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა (სრული შეწყვეტა);
  • უკრაინიდან კაპიტალის გაყვანის პრევენცია;
  • ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერება;
  • ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმება ან შეჩერება, რომელთა მიღება (ხელმისაწვდომობა) არის გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობა, კერძოდ, წიაღით სარგებლობის სპეციალური ნებართვების გაუქმება ან შეჩერება;
  • უცხო სახელმწიფოს რეზიდენტებისა და უცხო სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებად ან მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი პირების პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვა;
  • უკრაინის ტერიტორიულ ზღვაში, მის შიდა წყლებში, პორტებსა და უკრაინის საჰაერო სივრცეში უცხოური არასამხედრო გემებისა და სამხედრო გემების შესვლის აკრძალვა ან შეზღუდვა ან უკრაინის ტერიტორიაზე დაშვება (სრული აკრძალვა);
  • უცხო სახელმწიფოში ინვესტიციების განხორციელების, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე სავალუტო ღირებულების განთავსების ნებართვების, ეროვნული ბანკის ლიცენზიების გაცემის აკრძალვა;
  • უცხო სახელმწიფოდან უკრაინაში იმპორტის ნებართვების, ლიცენზიების გაცემის ან უკრაინიდან ვალუტის ღირებულების ექსპორტის შეწყვეტა და უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ გაცემული გადახდის ბარათებზე ნაღდი ფულის განაღდების შეზღუდვა;
  • ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა, უფლებების გადაცემა ინტელექტუალურ საკუთრებაზე;
  • უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა, აღნიშვნის სხვა ფორმები;
  • მიწაზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვა.

1981 წელს დაბადებული შოთა აფხაიძე ე.წ. შავ სიაში მოღსენიებულია, როგორც რუსეთის მოქალაქე.

***

შოთა აფხაიძე "ევრაზიის ინსტიტუტს" მას შემდეგ შეუერთდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" და "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიდა.

აფხაიძე ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში როგორიცაა სპუტნიკი, ცარგრად ტვ, ნოვოსტნოი ფრონტი [Новостной Фронт] და სხვა. შოთა აფხაიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში 2017 წლის ივლისში ე.წ. ქართული მარშის ორგანიზებით გამართული ქსენოფობიური და ანტი-მიგრაციული მსვლელობის ორგანიზატორად პოზიციონირებდა.

მითების დეტექტორის ცნობით, 2019 წლის ნოემბერში შოთა აფხაიძემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ტელეარხ Zvezda-ას გადაცემისთვის ღია ეთერი (Открытый эфир) სიუჟეტი მოამზადა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების დროს ორგანოებით ვაჭრობის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული შეთქმულებას ასახავდა.

 

 


close დახურვა